თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის, ავთანდილ გუმთაიშვილის "გატაცებასა" და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც ალასანიამ ბრიუსელში განაცხადა, ექსპერტი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით საექსპერტო დოკუმენტი შეიმუშავა, დღეს სასამართლოსთვის მის წარდგენაზე უარს აცხადებს.
"გუშინ, სავარაუდოდ, ტელევიზიით ჩემი გამოსვლის შემდეგ პროკურატურამ შეიძლება ითქვას, გაიტაცა ავთანდილ გუმთაიშვილი და სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა მოვლენებს და, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ექსპერტული დოკუმენტი შექმნა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მან გადადგა ეს ნაბიჯი და მე ამას ასე არ დავტოვებ", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატები" ავთანდილ გუმთაიშვილზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.
"უნდა დადგინდეს, რატომ მოხდა შუაღამით ექსპერტის გატაცება, მისი მიყვანა პროკურატურაში, რის შემდეგაც მან სასამართლოსთვის მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიცემაზე უარი თქვა, - აღნიშნა ალასანიამ.