ბათუმში გრანდიოზულ აკვარიუმის მშენებლობის ბედი კვლავ გაურკვეველია. პროექტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ"-ს უნდა დაეფინანსებინა, ხოლო მშენებლობა კი ააიპ „ასოციაცია ატუ"-ს უნდა ეწარმოებინა. დღეისათვის ფონდ „ქართუ"-ში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ფონდში პროექტზე მუშაობა არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არ არის, სამომავლოდ ”ქართუმ” აკვარიუმის პროექტზე მუშაობა გააგრძელოს.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, 2013 წლის მარტში აცხადებდა, რომ პროექტი მართლაც საინტერესოა და ის აუცილებლად განხორციელდებოდა.
"აკვარიუმის მშენებლობის პროექტის განხორციელება გრძელდება. ამისთვის ტერიტორია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის" მიმდებარედ არსებული 3 263,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარედ არსებული 3 508,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უკვე გამოყო ბათუმის მერიამ. ძალიან დიდი და საინტერესო პროექტია. აღნიშნული აკვარიუმი ბათუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღისშესანიშნაობა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ობიექტი იქნება.
პროექტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ", ხოლო მშენებლობას განახორციელებს ააიპ „ასოციაცია ატუ". დღეის მდგომარეობით პროექტს ამზადებს ცნობილი არქიტექტურული კომპანია Henning Larsen Achitect, რომელმაც აკვარიუმის დიზაინისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. არქიტექტურული პროექტი მზად არის, დარჩენილია ტექნოლოგიური ნაწილი. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დაამტკიცებს პროექტს დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. სავარაუდოდ ეს წლის ბოლოს მოხდება"- განმარტავდა 2013 წელს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არჩილ ხაბაძე.
შეგახსენებთ, რომ აკვარიუმის მშენებლობის დიზაინისთვის გამოცხადებულ კონკურსში დანიურმა არქიტექტურულმა კომპანია Henning Larsen Achitect -მ გაიმარჯვა. აკვარიუმის დიზაინის შექმნისას, Henning Larsen Achitect შთაგონების წყაროდ იქცა ის ქვები, რომლებიც ბათუმის სანაპიროზე ათასწლეულების განმავლობაში ზღვის ტალღების მიერ არის ფორმირებული.
პროექტის თანახმად, ნაგებობა ოთხი "ლოდისგან" შედგება და თითოეულ ქვა თითო ზღვის იმიტაცია იქნება. შესაბამისად,ქვები ეგეოსის, ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებს შეესაბამება. ინტერაქტიული გამოფენები თითოეული ამ ზღვის წყალქვეშა სამყაროს ცხოვრებზე გვიამბობენ.
პროექტის თანახმად, ოთხივე ლოდი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ერთიანი სისტემით სადაც კაფეები, დარბაზი და სავაჭრო მოედნები უნდა განთავსდეს.
პროექტის მიხედვითვე, მთლიანი მოედანი 2 ათას კვ.მ ფართობზე იქნება გადაჭიმული.