საქართველოში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებიან. რობერტ ანტისის ხელმძღვანელობით, DEEP-ის სამუშაო ჯგუფმა ვიზიტი წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ლევან ბერიასთან შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრაზე განათლების სარდალმა უცხოელ სტუმრებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. DEEP-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქართველ კოლეგებს სერჟანტთა მომზადების სისტემაში სწავლების დაგეგმვასა და გაანალიზებაში მხარდაჭერა სამომავლოდაც აღუთქვეს.
DEEP-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტის მიზანი, სამხედრო განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერა, სერჟანტთა მომზადების ცენტრში ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამების ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობის პროცესის შეფასებაა.
სტუმრები ქართული მხარისთვის გაწეული სამსახურის წლიურ შემაჯამებელ ანგარიშსაც წარადგენენ. ისინი სერჟანტთა მომზადების ცენტრში განხორციელებულ სამუშაოებს შეაფასებენ და ქართველ კოლეგებს ტრანსფორმაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემების დაძლევის შესახებ რეკომენდაციას გაუწევენ.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან გოჩა რატიანთან. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები სერჟანტთა მომზადების ცენტრში საშტაბო სწავლებას დაესწრებიან.