უახლოეს პერიოდში უკრაინაში საქართველოს დარგობრივი მინისტრების ჩასვლა კვლავ იგეგმება. როგორც საგარეო უწყების პესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა კვლავ მიმდინარეობს მზადება საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის თაობაზე.
„გვინდა, რომ ამ ვიზიტს, როცა ის შედგება, კონკრეტულად კარგი და დადებითი შედეგი ჰქონდეს. მანამდე, დარგობრივი მინისტრები და პარლამენტის წევრები სტუმრობენ უკრაინას. კონკრეტულ გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინაში დარგობრივი მინისტრების ჩასვლა კვლავ იგეგმება“, - განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს კიევში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეხვედრა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრ აივარას აბრომავიჩუსთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები. აღინიშნა, რომ 2015 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში გაიმართება ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნება საქართველო-უკრაინის ეკონომიკური კავშირების წახალისების კონკრეტული მიმართულებები.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომაზე იქნება დასახული კონკრეტული გეგმები, თუ როგორ მოხდება საქართველო-უკრაინას შორის უმნიშვნელოვანესი სტარტეგიული ურთიერთობათა წახალისება.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოს გამოცდილებაზე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხზე და დადებითად შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გადადგმული.