ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ასპარეზობაში ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ჩეხეთის სამხედრო კონტინგენტის ჯარისკაცები დაუპირისპირდნენ.
 
 შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართა. ორი ქვეყნის ჯარისკაცები ერთმანეთს მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ. 
 
 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა გუნდურ და ინდივიდუალურ პაექრობაში ყველა სახეობაში პირველი ადგილი დაიკავეს. საპრიზო ადგილებზე გასულ სამხედრო მოსამსახურეებს მედლები და საპატიო სიგელები გადაეცათ.