დღეს, 18 მარტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად უნგრული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. აჭარის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად უნგრელი ჟურნალისტები აჭარაში პირველად არიან მიწვეულნი.
როგორც ცნობილია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 26 თებერვლიდან 1 მარტამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდში უნგრეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა HUNGEXPO-ში ღებულობდა მონაწილეობას.
უნგრეთის ტურისტულმა ბაზარმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბრიდან ბუდაპეშტის მიმართულებით ქუთაისიდან ფრენები დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით, ფრენებს კვირაში ორჯერ ახორციელებს და ერთი მიმართულებით ბილეთის საშუალო ღირებულება 50 ევროს შეადგენს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უნგრეთის მიმართულებით მომავალ წლებში მარკეტინგული ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება.