Informationen zu Tastenkürzeln erfahren Sie über „?“
17-18 მარტს, იტალია მასპინძლობს „მეწარმეობის განვითარების გლობალურ კონგრესს“, რომელსაც ესწრებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის გამორჩეული მეწარმეები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას უზიარებენ საკუთარი წარმატების ისტორიას.
წლევანდელი ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენს მეწარმეობის ხელშეწყობის მექანიზმების განხილვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ბიზნესის მარტივად წამოწყება და მყარად განვითარება იმისათვის, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონგრესი ქალაქ მილანში მიმდინარეობს.
2015 წელი განსაკუთრებულია, რადგან კონგრესის ისტორიაში პირველად, ღონისძიების ფარგლებში, იმართება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მინისტერიალი, რომელსაც დაესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის კორეის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პანამის მცირე ბიზნესის მინისტრი, მექსიკის მეწარმეობის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი, „კაუფმანის ფონდი“-ს კვლევისა და პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტი და ა. შ.
მინისტერიალს ორგანიზებას უწევს აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომლის სპეციალური მიწვევითაც საქართველოდან მინისტერიალში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია. სააგენტოს დირექტორი მიმოიხილავს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის შექმნილ გარემოს, იმ მექანიზმებს, რაც მუშავდება პოლიტიკის დონეზე. გიორგი ციკოლია ისაუბრებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც, რომელსაც დგამს მეწარმეობის განვითარების სააგენტო კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ზოგადად, განვითარების ხელშესაწყობად. მინისტერიალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება დამკვირვებელთა მცირე ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან „კაუფმანის ფონდი“-ს, „გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის“ (UNCTAD) და „გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის“ (UNIDO) დელეგატები.
აღსანიშნავია, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის შემდგომი განვითარების და მსოფლიო ტენდენციების გაცნობის მიზნით მეწარმეობის განვითარების სააგენტო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „მეწარმეობის განვითარების გლობალური სამიტი“-ს ორგანიზატორებთან. აღნიშნული სამიტი უშუალოდ ბარაკ ობამას ინიცატივით დაარსდა და წლიდან წლამდე სხვადასხვა ქვეყნებში თავს უყრის მსოფლიოს წამყვან და ინოვაციურ მეწარმეებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ დაინტერესებულ ბიზნესმენებს.
2014 წლის ნოემბერში სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მარაკეშში გამართულ „მეწარმეობის განვითარების გლობალურ სამიტში“, სადაც მოხდა კონტაქტის დამყარება ღონისძიების უშუალო ორგანიზატორებთან და დაიწყო კონსულტაციები სამომავლოდ ზემოხსენებული სამიტის საქართველოში გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.