17 მარტს, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრისა და სსიპ „დელტა“-ს თანაორგანიზებით NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის მმართველი კომიტეტის რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიუს კრივასი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მაია ვალიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, საელჩოების წამომადგენლები და ატაშეები, NATO-ს საინფორმაციო ცენტრისა და NATO-ს უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას „დელტამ“ 2014 წლის 16 ოქტომბერს მოაწერა ხელი. ENSEC COE-ს პირველი გაფართოება ნატოს არაწევრი ქვეყნით - საქართველოთი დაიწყო. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან ,,დელტა’’ ჩაერთო, რომელსაც ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციაში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს.
NATO-ს არაწევრ ქვეყანასთან ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თავის მხრივ უპრეცედენტო მოვლენაა. დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, NATO-ს მხრიდან კი ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა და ENSEC COE-ს უფროსმა, გინტარას ბაგდონასმა მოაწერეს.
სტუმრები თბილისს 20 მარტს დატოვებენ.