დედაქალაქში, ძველი თბილისის რაიონში, შესაძლოა მინიმუმ 150 ნომერზე გათვლილი სასტუმრო აშენდეს. სასტუმრო მშენებლობის პირობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონი უკვე გამოაცხადა და გასაყიდად დ. აბაშიძის ქუჩა N17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ/მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი გამოიტანა. ობიექტის საწყისი ღირებულება 3 მლნ 550 ათასი დოლარია და მისი გაყიდვა 31 მარტისათვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში, საპრივატიზებო ქონებაზე სასტუმროს (არანაკლებ 150 ნომრიანი) ან/და სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/რეკონსტრუქცია განახორციელოს.
როგორც აუქციონის პირობებიდან ირკვევა, საპრივატიზებო ობიექტის ნაწილში განთავსებულნი არიან უკანონო მოსარგებლეები და ასევე საპრივატიზებო ობიექტზე გადის შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობები, ქსელის გადაადგილებისას მყიდველმა უნდა მიმართოს ზემოაღნიშნულ კომპანიას, რომლის მიერ მომზადებული პროექტით ჩატარდება საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ქსელის გადაადგილების ხარჯები დაეკისრება საპრივატიზებო ობიექტის შემძენს. საპრივატიზებო ობიექტი დაფარულია მწვანე ნარგავებით, რომელთა რაოდენობა შეადგენს 174 ერთეულს.