ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა უწყებისგან ხარჯების დაზოგვასთან დაკავშირებით მიღებულ მონაცემებზე მუშაობს, - ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მედიის წარმომადგენლებს ახალციხეში განუცხადა.
„დღეს დასრულდა სამინისტროებისგან ინფორმაციების მიღება, მიმდინარეობს აღნიშნული მონაცემების დამუშავება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტი, ასევე სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ვარიანტები, ამასთან, ვაგრძელებთ კომუნიკაციას. როგორც კი გაკეთდება საბოლოო გათვლები, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ერთი რამ კი მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შემცირება არ შეეხება. ამ წუთის მდგომარეობით, მხოლოდ მარტში, გადასახადებიდან მობილიზებულია 300 მილიონ ლარზე მეტი. ასე რომ, ჩვენ ვაკვირდებით როგორი იქნება შემოსავლების დინამიკა და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ძირეული ანალიზის საფუძველზე მივიღებთ , - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, თავად ფინანსთა სამინისტრო წელს საკმაოდ ბევრი მიმართულებით დაზოგავს თანხებს.