ინტერნეტ შოპინგის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში „კამარა ექსპრესი“, იგივე Camex.ge ფინანსთა სამინისტროს მომხმარებელთა სასარგებლოდ საბაჟო ცვლილებების ინიციატივით მიმართავს. საუბარია საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის კორექტირებაზე, რომლის მიხედვითაც განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილები.
ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რამაც ამერიკიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან პროდუქციის შეძენა-ტრანსპორტირების გაძვირება გამოიწვია. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტორიც, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილები. ლარის დევალვაციის პროცესის დაწყებამდე აღნიშნული თანხის ფარგლებში ხვდებოდა 160-170 ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქცია, უკვე დღეს კი ეს მაჩვენებელი 120 დოლარამდეა შემცირებული.
Camex.ge-ის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული ინიციატივით - შევიდეს ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ო“ პუნქტში და 300 ლარის ნაცვლად განბაჟებას დაექვემდებაროს 1000 ლარზე ზევით ღირებულების საფოსტო გზავნილები.
აღსანიშავია, რომ საქართველოში განსაბაჟებელი პროდუქციის ღირებულების ლიმიტი რეგიონში ყველაზე დაბალია. მაგალითისთვის, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 960 ამერიკული დოლარის ექვივალენტს, რუსეთში კი 1000 დოლარის ექვივალენტს შეადგენს.