საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ჭიათურაში საბაგიროების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ფრანგული კომპანიების „პომაგალსკისა“ და „სისტრას“ ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანის თანამშრომლებთან ერთად ჭიათურაში იმყოფებოდნენ, რომლებიც ტრანსპორტირების კვლევას ახორციელებენ. აღნიშნული კვლევის შედეგად საბაგიროს მარშრუტები და ტიპები განისაზღვრება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრს (2480 მეტრს) შეადგენს. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია ”Pomagalski” უზრუნველყოფს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციაში გაშვების სფეროში. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკ ქვეშ აყენებს. ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.