Batumi Tower -ში უმაღლესი კლასის სასტუმრო განთავსდება. კომპანია RED-Co, რომელმაც შპს ”ბათუმი თაუერი” აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დააფუძნა და შესაბამისი ინვესტიციებიც მოიზიდა, სასტუმროს ბრენდთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ცნობილ სასტუმრო ბრენდთან უკვე აწარმოებს, თუმცა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების დასრულებამდე, ბრენდის სახელის დასახელებისგან თავს იკავებს. RED-Co -ში აცხადებენ, რომ სასტუმროს რეკონსტრუქციისათვის მინიმუმ 15 მლნ დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აქვთ, თუმცა პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ” RED-Co-ს მენეჯმენტი 2-3-ჯერ მეტი ინვესტიციის განხორციელებასაც არ გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ Batumi Tower-ის მფლობელი ოფიციალურად შპს ”ბათუმი თაუერი” გახდა და ობიექტში 25 მლნ 4 ათას 626 დოლარი უნდა გადაიხადოს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში შენობაში 4 ვარსკვლავიანი მინიმუმ 100 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) განათავსოს, რისთვისაც 15 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
თუმცა ვალდებულებების შესრულებამდე ქონების შემძენი უფლებამოსილია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე შექმნას მხოლოდ აპარტჰოტელი (სასტუმროს ნომრების, ბინისა ან სხვა სარგებლობაში გადაცემის მიზნით შექმნილი არასაცხოვრებელი ფართობის ერთობლიობა, რომლის ზედამხედვლობას/მართვას განახორციელებს ერთი პირი). ამასთან, ასეთი ქმედებით ხელი არ უნდა შეეშალოს განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
RED-Co (Real Estate Development Company) უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია დაარსდა 2012 წლის მაისში, კომპანია არის დინამიკურად მზარდი, რომლის საქმიანობაც მოიცავს უძრავი ქონების სფეროს.
ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ კარგად გათვლილი კონცეპტუალური გადაწყვეტილებები და ახლებური დიზაინი კომპანიას მომგებიან მდგომარეობაში აყენებს ქართულ ბაზარზე.
კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს სასტუმროს და რესტორანს ბათუმში, სამ აპარტ-ოტელს გუდაურში, აპარტოტელს ბაკურიანში და საცხოვრებელ სახლს თბილისში მზიურის პარკთან.
RED-Co-ს ძირითადი საქმიანობაა სასტუმროს ტიპის ნაგებობათა (აპარტოტელების) მშენებლობა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მომსახურებაა. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მიმზიდველი თავისებურება ისიცაა, რომ კომპანია მესაკუთრეებს შესაძლებლობას აძლევს გააქირაონ შეძენილი ბინები და ამ გზით დამატებითი შემოსავალი მიიღონ. შესაბამისად, RED-Co არა მარტო სამშენებლო კომპანიაა, არამედ, ამავდროულად, თავისივე აგებული სასტუმროების ოპერატორიც.