Batumi Tower-ის მფლობელი შპს ”ბათუმი თაუერი” გახდა. საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს მონაცემებით, შპს ”ბათუმი თაუერის” დამფუძნებელი ბელიზში რეგისტრირებული კომპანია CELWOOD INVESTMENT LIMITED-ია. რაც შეეხება თავად შპს ”ბათუმი თაუერის” ის რამდენიმე თვის უკან, კერძოდ კი 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა.
აუქციონზე Batumi Tower-ის საწყისი ფასი 25 მლნ დოლარი იყო, თუმცა ვაჭრობის ბოლოს Batumi Tower-ის ახალმა მფლობელმა მასში 25 მლნ 4 ათას 626 დოლარი გადაიხადა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმევიდან 3 წლის ვადაში შენობაში 4 ვარსკვლავიანი მინიმუმ 100 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) განათავსოს, რისთვისაც 15 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება საფასურის გადახდის ვადებს, აუქციონის პირობების მიხედვით, აუციონში გამარჯვებული ვალდებულია, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში 8 000 000 აშშ დოლარი გადაიხადოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში გადახდილი უნდა ჰქონდეს ჯამში 15 000 000 აშშ დოლარი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში კი - 20 000 000 აშშ დოლარი. ასევე ობიექტის მფლობელი ვალდებულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილი დაფაროს.
თუმცა ვალდებულებების შესრულებამდე ქონების შემძენი უფლებამოსილია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე შექმნას მხოლოდ აპარტჰოტელი (სასტუმროს ნომრების, ბინისა ან სხვა სარგებლობაში გადაცემის მიზნით შექმნილი არასაცხოვრებელი ფართობის ერთობლიობა, რომლის ზედამხედვლობას/მართვას განახორციელებს ერთი პირი). ამასთან, ასეთი ქმედებით ხელი არ უნდა შეეშალოს განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.