ბათუმის ბულვარის შესასვლელში, ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, ბულვარის საინფორმაციო ცენტრი იმ საერთო დიზაინის სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც დეპარტამენტმა 2014 წელს სპეციალურად შეიმუშავა და საქართველოს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.
”საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისათვის. ამ მიმართულებით ბოლო ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. მსგავსი დიზაინის საინფორმაციო ცენტრი გასულ წელს ბათუმის საბაგირო გზასთანაც გაიხსნა. ზაფხულის სეზონზე აჭარის მასშტაბით სულ 8 საინფორმაციო ცენტრი ფუნციონირებს”, აცხადებენ აჭრის ტურიზმის დეპარტამენტში.
აღსანიშნავია, რომ „იდუმალი სტუმრის“ კვლევის მიხედვით 2014 წელს საინფორმაციო ცეტნრების მომსახურება დადებითად შეფასდა. საერთო დიზაინის გარდა საინფორმაციო ცენტრებმა რიგ ადგილებში ლოკალიზაციაც შეიცვალა, რამაც სერვისის ამაღლებასთან ერთად მნიშვნელოვნად განაპირობა ვიზიტორების მომრავლება.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების სტატისტიკა შემდეგნაირია: 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 69,8%-ით მეტმა ტურისტმა ისარგებლა საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით. ყველაზე მეტი ტურისტული მომსახურება შეიძინა უკრაინელმა (51%), რუსმა (22%) და ბრიტანელმა (14%) ტურისტებმა. ყველაზე გაყიდვადი ტური აჭარაში იყო მთიანი აჭარის ტური, რომელიც მახუნცეთის ხიდსა და ჩანჩქერს, ზვარეს ეკლესიასა და ღვინის სახლს მოიცავდა. პოპულარობით სარგებლობდა ასევე ქალაქის ტური, ბოტანკური ბაღი და მტირალას ნაციონალური პარკი.