საქართველოში ვიზიტად მყოფი ებრაული კომპანია LR GROUP -ის წარმომადგენლობა საპარტნიორო ფონდს ესტუმრა და მის საქმიანობას გაეცნო. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის ინტერესის სფერო სოფლის მეურნეობის სექტორია, საუბარი ფონდის მიერ ამ სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს შეეხო.
LR GROUP -ის პრეზიდენტმა როი ბენ იამიმ ფონდის მენეჯმენტს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა. კომპანია სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს აფრიკის, ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და სურს, რომ ინვესტიცია საქართველოშიც განახორციელოს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი სოფლის მეურნეობაა, სადაც ფონდი ადგილობრივ კომპანიებთან ერთად ახორციელებს პროექტებს. „პროექტი, რომელიც მათ წარმოადგინეს რძის წარმოებას შეეხებოდა, ჩვენ დავინტერესდით ამ პროექტით და გავაგრძელებთ მის შესახებ ინფორმაციების გაცვლას,“ აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.