სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმის საერთაშორისო მედია ფორუმის ფარგლებში უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა. ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმში უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან 47 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა და უცხოელ ჟურნალისტებს მიესალმა, ამის შემდეგ მათ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მოკლე პრეზენტაცია ჩაუტარდათ.
მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ეწვივნენ. მიზანი - ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებაა, ბეჭდვითი თუ ელექტრონული სტატიებისა და სატელევიზიო სიუჟეტების საშუალებით. ზემოხსენებული ქვეყნების უმეტესობა, ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, უმთავრეს ბაზრებს წარმოადგენს. ინტერესი კი ღვინის მიმართ ყოველთვის განაპირობებს ქვეყანაში ღვინით დაინტერესებული ტურისტის შემოდინებას და შესაბამისად, ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას. ამის გათვალისწინებით, ტურიზმის საერთაშორისო მედია ფორუმის მიმდინარეობისას უცხოელ ჟურნალისტებს ქართულ ღვინოზე ამომწურავი ექსკურსი ჩაუტარდათ, ღვინის სომელიეთა ასოციაციაციასთან ერთად ჩატარებულ სემინარში მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ღვინის სახეობებს და საქართველოს ღვინის ტურიზმის შესახებაც ვრცელი ინფორმაცია მიიღეს.