2014 წელის მონაცემებით, ელექტროენერგიის შიდა წარმოება 2.9%-ით, ხოლო მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა. როგორც Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის კვლევაშია აღნიშნული, 2014 წელს მოხმარება აღემატებოდა (248.3 მლნ. კვტ/სთ) წარმოებას და ამ ფონზე გადაჭარბებული მოხმარების უზრუნველყოფა პროდუქციის იმპორტით მოხდა (793.2 მლნ.კვტ/სთ).
კვლევის თანახმად, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით ენერგეტიკის დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება 5.2%-ითაა გაზრდილი.
”2015 წლის იანვარში, ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება ჩამოუვარდება (166 მლნ.კვტ/სთ) მოხმარებას. ამ პერიოდში უარყოფითი ენერგობალანსის დასაფარად მოხდა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან (114.8 მლნ. კვტ/სთ) და აზერბაიჯანიდან (51.2 მლნ. კვტ/სთ).
2015 წლის იანვარში 2014 წლის იანვართან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება უფრო ნაკლებად არის გაზრდილი (0.3%, 2.69 მლნ. კვტ/სთ), ვიდრე მოხმარება (4.4%, 43 მლნ. კვტ/სთ). შესაბამისად მიმდინარე პერიოდში გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტიც (32.1%; 40.369 მლნ.კვტ/სთ).
ელექტროენერგიის მოხმარების და წარმოების ბალანსი უარყოფითია (-248.3 მლნ.კვტ/სთ) 2014 წელსაც. საყურადღებოა, რომ 2013 წელთან შედარებით დეფიციტი გაზრდილია 6-ჯერ”,- აღნიშნულია PMCG-ის ანგარიშში.
ირკვევა, რომ 2014 წელს ქვეყანაში განხორციელდა 793.2 მლნ.კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი, რაც 63.8%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს.