ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში, რომელსაც ყოველწლიურად Brand Finance აქვეყნებს, ლიდერობას კვლავ Apple ინარჩუნებს. iPhone 6-ის ბაზარზე გამოტანით, სხვა კონკურენტებთან შედარებით ”ჩაკბეჩილმა ვაშლმა” ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა, რაც ბრენდის ღირებულებაზეც აისახა.
2015 წლის მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი Apple-ია, რომელიც ბოლო მონაცემებით 128,3 მლრდ დოლარადაა შეფასებული, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 23 %-ითაა გაზრდილი.
რეიტინგში მეორე პოზიციაზე ბრენდი Samsung-ია, რომელიც 81,7 მლრდ დოლარადაა შეფასებული და გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით წელს 4 %-ითაა გაძვირებული.
მესამე პოზიციაზე ბრენდი Google-ა, რომლის ფასმაც 2015 წლის მონაცემებით 12 %-ით მოიმატა და 76,7 მლრდ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მზარდ ბრენდად Twitter დასახელდა. 2014 წლის დასაწყისში მისი ფასი 1,5 მლრდ დოლარი იყო, ხოლო 2015 წლის დასაწყისში კი 4,4 მლრდ დოლარი.