10-13 მარტს საქართველო მონაწილეობას მიიღებს უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენის მუშაობაში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ კანში გაიმართება.
საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის, აგრეთვე ქალაქ თბილისის მერიის, სს ,,საპარტნიორო ფონდით“ და კომპანია Colliers International Georgia-ს მაღალი თანამდებობის პირებით.
Palais de Festivals-ის მთავარ საგამოფენო დარბაზში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პოტენციურ ინვესტორებთან, დეველოპერებთან და მედია საშუალებებთან. დაგეგმილია კომპანიათაშორისი (B2B) შეხვედრებიც. აღნიშნული ღონისძიებების ძირითად მიზანს წარმოადგენს პოტენციურ ინვესტორებთან სამუშაო შეხვედრების მოწყობა და ქვეყანაში არსებულ საინტერესო ტენდენციებზე მათთვის ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოს შესახებ დაგეგმილი პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, როგორიცაა თბილისის ზღვის, წყალტუბოს და გუდაური-კობის განვითარების პროექტები. ამასთან, ქართველი დელეგატები დაესწრებიან მერებისათვის და პოლიტიკური ლიდერებისათვის გამართულ კონფერენციას, სადაც მთავარი განხილვის თემა ქალაქებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია იქნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართული მხარე გეგმავს, საერთაშორისო ინვესტორებს წარუდგინოს ინფორმაცია ყველა იმ მსხვილი სახელმწიფო ობიექტის თაობაზე, რომელთა გამოტანაც საპრივატიზაციოდ იგეგმება.
კანის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა (MIPIM) 1990 წლიდან იღებს სათავეს და მას ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორი ჰყავს. 2015 წელს, 4 დღის განმავლობაში 21,000 დელეგატი გამართავს შეხვედრებს, დაესწრება კონფერენციებს და ეწვევა სხვადასხვა სტენდს. MIPIM თავს უყრის უძრავი ქონების მსოფლიო ბაზრის მთავარ მოთამაშეებს სხვადასხვა ბიზნეს-სექტორიდან, მათ შორის საოფისე, საცხოვრებელი, სავაჭრო უძრავი ქონების სფეროებიდან, ჯანდაცვის, სპორტის, ლოჯისტიკის და ინდუსტრიული მიმართულებებიდან.
ვიზიტორებს ექნებათ წვდომა სხვადასხვა დეველოპერულ პროექტებსა და კაპიტალის წყაროებთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე. MIPIM-ზე 93 ქვეყნიდან, ძირითადად, წარმოდგენილი იქნებიან ინვესტორები, დეველოპერები, იურისტები, უძრავი ქონების სპეციალისტები, არქიტექტორები, მარკეტოლოგები, ინჟინრები, მედიაჰოლდინგები და სხვა. ამასთან, გამოფენას დაესწრება ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნის 350-მდე ქალაქის სახელისუფლებო წარმომადგენელი.