ფინანსთა მინისტრი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორი თვის მაჩვენებლების შესრულებით კმაყოფილია. როგორც ნოდარ ხადური აცხადებს, შესრულება რეკორდულად მაღალია.
”მინდა გავაკეთო განმარტება 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია, საქართველოს ყველა წელთან შედარებით, მათ შორის 2014 წელთან შედარებით. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილშიც არის გადაჭარბება, 2-ჯერ მეტია ვიდრე შარშან და მე მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს სიზმარშიც არ უნახავს, ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას. მინდა ყველა დავაწყნარო, რომ ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, რომლის დაწყებაც იგეგმება - შესრულდება მიუხედავად იმისა, ამ წუთას რა მდგომარეობაა”, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მინისტრის თქმით მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების შემცირება იგეგმება, ეს შემცირება სოციალურ ნაწილს არ შეეხება.
”და კიდევ ერთი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგეგმავთ შევამციროთ ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯები, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეეხება სოციალურ ხარჯებს და არ შეეხება ასევე ინფრასტრუქტურულ ხარჯებს. საქართველოს ეკონომიკაში დაიხარჯება იმდენი თანხა, რამდენიც გათვალისწინებული იყო 2015 წლის ბიუჯეტით”, _ აცხადებს ქვეყნის მთავარი ფინანსისტი.