შარმ ელ-შეიხის შემდეგ Air Cairo პირდაპირ ავიარეისებს ხურგადას მიმართულებითაც განახორციელებს. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, Air Cairo თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხურგადას მიმართულებით ფრენებს 2 ივნისიდან დაიწყებს და კვირაში სულ 4 რეისი განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ Air Cairo ქართულ ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და მისი ქართული ბაზრით დაინტერესება საქართველოში შემოსვლა „ინტერკო ტრეველ ჯგუფი“-ს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა პირდაპირი, რეგულარული რეისების განხორციელება, რომელიც იქნებოდა სტაბილურობის და ავიაბილეთების ხელმისაწვდომობის გარანტიც, რაც საერთო ჯამში ტურ-პაკეტებსაც გააიაფებდა.
Air Cairo 2003 წელს დაფუძნდა და მისი აქციონერები არიან უმსხვილესი ეროვნული გადამყვანი Egyptair, ეგვიპტის ეროვნული ბანკი და ბანკი "MISR", რამაც, ფაქტობრივად ახალი ეგვიპტური ავიაკომპანიის მიმართ ნდობა დასაწყისშივე განაპირობა. Air Cairo ყოველკვირეულად დაახლოებით 110 რეისს ასრულებს. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი უპირატესობაა: უსაფრთხოება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, 30 კგ-მდე ბარგის უფასო ტრანსპორტირება და სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, მგზავრთა საკვებითა და სასმელით უფასოდ უზრუნველყოფა.