ვაშინგტონში რადიო "ამერიკის ხმამ" სენატორ ჯონ მაკკეინთან ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტის კითხვაზე შეუძლია თუ არა და რა მექანიზმებით აშშ-ს ადმინისტრაციასა და კონგრესს კავკასიაში მოსალოდნელი ძალადობის თავიდან აცილება, განსაკუთრებით კი საქართველოში მაკკეინმა ვრცელი პასუხი გასცა.
"ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება შედარებით გაუმჯობესდა. ვაღიარებთ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მისი ტერიტორიები სხვა ქვეყნების მიერ ოკუპირებული არ უნდა იყოს. ამიტომ საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი ხალხის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად საუბარი უნდა გავაგრძელოთ", _ განაცხადა მაკკეინმა.
ჟურნალისტმა სენატორს ჰკითხა, დაუჭერდა თუ არა მხარს საქართველოში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობების გაღრმავებას, მაგალითად ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის დაარსებას რაზეც მაკკეინმა შემდეგი პასუხი გასცა.
"ჩემი აზრით ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების თემა შეიძლება იყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. მე მჯერა, რომ მას შემდეგ რაც საქართველო ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს ის ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება", _ განაცხადა ჯონ მაკკეინმა.