"თელასი" ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციას ფინანსური და ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს.
კომპანიის ინიციატივით, ონკო-ჰემატოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრის საცხოვრებელი სახლის ელექტროსაკაბელო ქსელის მოწყობისა და მისი გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოები უკვე განხორციელდა.
ამასთანავე, `თელასი" სარეაბილიტაციო ცენტრს 1 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვაშიც დაეხმარება. 2010 წლის 1 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე კომპანია სამედიცინო დაწესებულებას ელექტროენერგიის ხარჯებს მთლიანად აუნაზღაურებს. სარეაბილიტაციო ცენტრის საცხოვრებელი სახლის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში შედგა, `თელასის" გენერალურმა დირექტორმა ი. პიმონოვმა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პროგრამის სპეციალური სერტიფიკატი გადასცა.
სარეაბილიტაციო-საცხოვრებელი სახლის ფუნქციონირება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სტაციონარული მკურნალობის პროცესის ოჯახურ გარემოცვაში გატარების საშუალებას მისცემს. განსაკუთრებული მნიშვნელობას კი ის საქართველოს რეგიონებიდან სამკურნალოდ ჩამოსული მცირეწლოვანი პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შეიძენს.
სარეაბილიტაციო ცენტრის საცხოვრებელი სახლი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშირისო ასოციაციის მიერ აშენდა. დაავადებული ბავშვების სამკურნალო კურსი საშუალოდ 6 თვეს გრძელდება. ამჟამად ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრში მკურნალობას 30-მდე ბავშვი გადის.