ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას მონაცემებით, რაიონის ბიუჯეტი 2015 წლისთვის 169 მილიონ რუბლს შეადგენს, რაც წინა წელთნ შედარებით 40 მილიონი რუბლით მეტია.
აქედან, 135 მილიონი რუბლი აფხაზეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული დოტაციაა, დანარჩენი 34 მილიონი რუბლი კი - რაიონის საკუთარი ბიუჯეტი.
თემურ ნადარაიას აზრით, გალის რაიონის საკუთარი სახსრები დაბალი იმიტომაა, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო ,,ენგურჰესი“ გადასახადებს არა მათ რაიონს, არამედ ,,საქართველოს უხდის.“
,,ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იმის თაობაზე, რომ შპს ,,ენგურჰესმა“ საშემოსავლო გადასახადები გალის რაიონის ბიუჯეტში გადმორიცხოს.“ - განაცხადა რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, საწარმოს იმ ნაწილში, რომელიც გალის რაიონში მდებარეობს 600 ადგილობრივი მოსახლე და 100 ,,საქართველოში მცხოვრები“ სპეციალისტი მუშაობს. მათი ხელფასებიდან კი საშემოსავლო გადასახადის სახით, 20 %-ს საქართველოს ბიუჯეტი იღებს.
ნადარაია მოითხოვს, რომ საშემოსავლო გადასახადების 10 % გალის რაიონის ბიუჯეტში ჩაირიცხოს.
,,ეს საკითხი ადრეც რამდენჯერმე წამოვჭერით, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, მისი გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. ამჯერად ჩვენ ამ საკითხს არ მოვეშვებით. ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გალის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც ,,ენგურჰესში“ მუშაობენ და გადასახადებს ჩვენს ბიუჯეტში არ გადაიხდიან, არამარტო ჯარიმას დავაკისრებთ, არამედ საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობას წავართმევთ.“ - ამტკიცებს თემურ ნადარაია.