პოლონეთის საგანგებო და სრულყუფლებიანი ელჩი საქართველოში ურსულა დროშევსკა ქართველ ერს მიმართავს თხოვნით, რომ სმოლენსკის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა დაკრძალვისას ილოცონ პოლონეთის პრეზიდენტისა და გარდაცვლილთა სულებისათვის. პოლონეთის ელჩის ამ მიმართვას დღეს ქართული ტელეარხები გაავრცელებენ.
სატელევიზიო მიმართვაში პოლონეთის ელჩი მადლობას უხდის ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას "პოლონეთისათვის ამ მძიმე წუთებში გამოხატული თანაგრძნობისა და თანადგომისათვის".
"ეს თანაგრძნობა მე ვიგრძენი ქართველი ხალხის თვალებში და ვგრძნობ რომ ქართველი ერი ჩვენს გვერდითაა და ამისათვის პოლონელი ხალხის სახელით ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ვუხდი", - აცხადებს პოლონეთის ელჩი.
მიმართვაში იგი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობიდან ბევრი ეკითხება თუ როგორ მოხდა სმოლენსკის ტრაგედია, ამის პასუხად კი ელჩი აცხადებს, რომ "ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ იმის თქმა რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და ყველაფერი კეთდება კატასტროფის მიზეზის დასადგენად" - განმარტავს ელჩი და ქართველ ერს მოუწოდებს პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვის დღეს პოლონელ ხალხთან ერთად ილოცონ სმოლენსკის ტრაგედიისას გარდაცვლილთა სულებისათვის.
შეგახსენებთ რომ პოლონეთის ელჩის ამ მიმართვას დღეს ქართული ტელეარხები გაავრცელებენ.