Batumi Tower-ი 25 მლნ დოლარად იყიდება. ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის კვეთაზე მდებარე 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი (Palami-Media NET- 50/50) სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე უკვე გამოიტანა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმევიდან 3 წლის ვადაში შენობაში 4 ვარსკვლავიანი მინიმუმ 10 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) განათავსოს, რისთვისაც 15 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება საფასურის გადახდის ვადებს, აუქციონის პირობების მიხედვით, აუციონში გამარჯვებული ვალდებულია, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში 8 000 000 აშშ დოლარი გადაიხადოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში გადახდილი უნდა ჰქონდეს ჯამში 15 000 000 აშშ დოლარი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში კი - 20 000 000 აშშ დოლარი. ასევე ობიექტის მფლობელი ვალდებულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილი დაფაროს.
თუმცა ვალდებულებების შესრულებამდე ქონების შემძენი უფლებამოსილია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე შექმნას მხოლოდ აპარტჰოტელი (სასტუმროს ნომრების, ბინისა ან სხვა სარგებლობაში გადაცემის მიზნით შექმნილი არასაცხოვრებელი ფართობის ერთობლიობა, რომლის ზედამხედვლობას/მართვას განახორციელებს ერთი პირი). ამასთან, ასეთი ქმედებით ხელი არ უნდა შეეშალოს განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
Batumi Tower-ის გასასხვისებლად აუქციონი 11 მარტისთვისაა ჩანიშნული.
შგახსენებთ, რომ შენობა შპს „ბათუმი თაუერის" ბალანსზეა, რომლის დამფუძნებელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შენობის ასაშენებლად 78 მლნ ლარია დახარჯული.