საქართველოს ბანკმა, აშშ დოლარში საცალო სესხების, კლიენტის სურვილის შემთხევაში, ავტომატურ რეჟიმში რესტრუქტურიზაციაზე განაცხადა. ამით მომხმარებელს ლარში ყოველთვიური გადასახადი არ შეეცვლება.
ბანკის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, მსესხებელს, ყოველთვიური შესატანი ლარში იგივე იქნება, რაც ვალუტის 30%-იან დევალვაციამდე არსებული კურსით იყო და შენატანის ეს მოცულობა სესხის დაფარვამდე შეუნარჩუნდება, სესხის დაფარვა გახანგრძლივდება და ამის გამო წლიური საპროცენტო განაკვეთი არ მოიმატებს. ამ შეთავაზებით ის მსესხებლები ისარგებლებენ, რომელთაც კარგი საკრედიტო ისტორია აქვთ.
ირაკლი გილაურმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ კატეგორიის კლიენტები მსესხებლების 7% –ს არ აღემატება. საქართველო ბანკს კი 450 000 მსესხებელი ჰყავს.
გილაური, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სხვა მსესხებლებზე რაიმე წნეხს გამორიცხავს. მას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე დაფიქსირებული, ფასების 2%–იანი მატება შემაშფოთებელი არ არის და ინფლაცია მიზნობრივს 5%–ს არ გადააჭარბებს.
ფიზიკური პირებისთვის საკრედიტო ვალდებულებების მომსახურების შემსუბუქების საჭიროებაზე ოთხშაბათს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ბანკირებმა ისაუბრეს.
ლარის კრიტიკულ ნიშნულამდე დაცემის გამო, სებ-მა და ბანკებმა ფიზიკური პირებისთის სესხის გაძვირებული მომსახურების შემამსუბუქებელი სქემის შემუშავებაზე 25 თებერვალს მოილაპარაკეს, რაც 1 კვირაში უნდა მოამზადონ.