25 თებერვალს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა პორტფელური ინვესტორების ჯგუფის წარმომადგენლებთან, ისეთი ცნობილი კომპანიებიდან როგორებიც არიან: Bank of America Merrill Lynch, Aberdeen, Lazard, Danske, PFA . შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გააქტიურებისა და პრივატიზაციის მიმართულებით.
„საქართველოში ჩამოვედით ვითარების გასაცნობად. მსოფლიოსა და კონკრეტულად თქვენს რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაზარდოს თავისი საინვესტიციო შესაძლებლობები, ცნობადობა, რათა მაქსიმალურად მოხდეს ახალი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას,“ - განაცხადა Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენელმა ვლადიმერ ოსაკოვსკიმ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ინვესტორთა დაინტერესება, მათი როგორც პირდაპირი, ისე პორტფელური ინვესტიციები, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.