არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები" დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2014 წელს აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონების ოდენობა, გასულ წელთან შედარებით 225 ერთეულით შემცირდა, რაც დადებითი ფაქტია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თუ 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით არსებულ მონაცემებს, 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ სულ აუქციონის წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაში კომერციული ბანკების წილი 3.2%-ით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო მევახშეების წილი კი 3.7%-ით შემცირდა.
"ვინაიდან მევახშეები არა რეგულირებად სექტორს წარმოადგენენ, შესაბამისად მათი წილის შემცირება თუნდაც 3.7%-ით უკვე დადებითი ფაქტია, თუმცა როგორც ვხედავთ 61.8% ჯერ კიდევ შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელია, რაც ისედაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მყოფ მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. კერძო მევახშეების სფერო საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი. 2014 წლიდან შემოვიდა გარკვეული რეგულაციები, რომელიც კერძო იპოთეკარებს ეხებათ. ისინი 2014 წლის 1 მარტიდან ვალდებულნი გახდნენ, იპოთეკის ხელშეკრულება ნოტარიულად დაამოწმებინონ. ასევე დაუწესდათ სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რაც თვეში 3.68%-ს შეადგენს (რაც განახლებადია). თუმცა ეს რეგულაციები, როგორც მონაცემებიდან ჩანს ჯერჯერობით საკმარისი არ არის",- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები".
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სასურველია კერძო მევახშეების სეგმენტის წილის რაც შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი აუქციონის წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაში შედარებით მცირეა (21.3% და 16.9%), რაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ვალის ამოღების უკანასკნელ ფორმას წარმოადგენს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მას.
"კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები" მიიჩნევს, რომ აუცილებელია: საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება; რისკების მენეჯმენტის გაუმჯობესება და სესხის გაცემის პარამეტრების სრულყოფა; ქვეყანაში აქტივების მართვის კომპანიების სრულყოფა, რომლებიც ბანკებს პრობლემური სესხების მართვაში დაეხმარებიან; კერძო მევახშეების სეგმენტის სააღრიცხვო სისტემის ჩამოყალიბება; რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება; ფინანსური კანონმდებლობის გამარტივება დამომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგება და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის (მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა) გაუმჯობესება", - განმარტებულია „საზოგადოება და ბანკების" მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.
მასალის გამოყენების პირობები