პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 18-20 თებერვლის პლენარული სხდომების სავარაუდო დღის წესრიგზე იმსჯელეს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური უძღვებოდა.
მომავალ კვირას, კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე სამ ათეულზე მეტი საკითხის განხილვას გეგმავენ, როგორც კანონპროექტების, ასევე პერსონალური საკითხების, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების არჩევას ეხება.
ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელა და მათი განხილვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სხდომის დასასრულს, ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.
ბიუროს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ორი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ: „არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტების შესახებ" და „საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ".
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ჯგუფების შექმნა სამთვიანი მანდატით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მოხდა და ამ ჯგუფების მიზანია კომიტეტში ორი წლის განმავლობაში შემოსული მასალების ერთიან ჩარჩოში მოქცევა, მათი გააანალიზება და ერთიანი შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება. ეკა ბესელიას ინფორმაციით, ჯგუფების მუშაობაში ჩართული იქნებიან სახალხო ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები. მან დეპუტატებს მიმართა, რომ ჯგუფების წევრების გარდა, სურვილის შემთხვევაში, ყველას ექნება შესაძლებლობა ასევე მიიღონ მონაწილეობა ჯგუფების მუშაობაში.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის პლენარული სხდომა 18 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება, მანამდე პარლამენტის ბიუროს კიდევ ერთი სხდომა შედგება, რომელზეც პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხას დააზუსტებენ.