ექსპერტ გოგი ხუციშვილის პროგნოზით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე "რადიკალური ცვლილება არ მოჰყვება".
"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ბევრი ოპოზიციური კანდიდატი უკეთესია, სახელისუფლებო კანდიდატებს მაინც მეტი ელექტორატი უჭერს მხარს და ეს თუნდაც იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლება ხელოვნურად შექმნილ "პრორუსული" და "ანტირუსული" ძალების ფაქტორს კარგად იყენებს. აქედან გამომდინარე, ჩემი პროგნოზი არ არის მაინცდამაინც სახარბიელო - ადგილობრივ არჩევნებს, იმის გამო, რომ ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსებით ხელისუფლება ოპოზიციას უგებს, ვფიქრობ, რადიკალური ცვლილება არ მოჰყვება", - განაცხადა ხუციშვილმა "რია ნოვოსტის" ოფისში გამართული მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას.
მისი შეფასებით, დღესდღეობით ოპოზიცია სუსტია და ეს გარკვეულწილად საზოგადოების სისუსტით არის განპირობებული.
"ამ პროცესს ოპოზიციის და საზოგადოების ჩამოყალიბება უნდა მოჰყვეს. ამომრჩეველიც უნდა გაიზარდოს, რომ ოპოზიციამ მის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს. საზოგადოებამ უნდა აიძულოს ოპოზიცია, რომ უკეთესი იყოს", - განმარტა ხუციშვილმა.