თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის დელეგაცია თურქ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრა „DEIK"-ის ბიზნეს ცენტრში თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას „DEIK"-ის ბიზნეს ცენტრში 50-მდე თურქი ბიზნესმენი დაესწრო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბიზნესმენებს რეგიონის საინვესტიციო, ტურისტული პოტენციალი და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციები გააცნო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა პრეზენტაცია აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე გამართა.
შეხვედრას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, სტამბოლში საქართველოს კონსული ირაკლი ასაიშვილი და ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემისქანი ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლებისა და ტურიზმის, ლოჯისტიკის, მრეწველობისა და სხვა სფეროში მოღვაწე ინვესტორების შეხვედრა თურქეთის ბიზნეს ცენტრში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან თურქმა ინვესტორებმა აჭარაში მათ მიერ დაგეგმილ სამომავლო ვიზიტებზე და რეგიონში ახალი ინვესტიციების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.