თბილისი EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრის მასპინძლობისათვის, რომელიც 13-15 მაისს უნდა გაიმართოს, აქტიურად ემზადება. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, მაღალი დონის დელეგაციის განთავსებისათვის პრობლემები არ შეიქმენა, რადგანაც თბილისში და ზოგადად საქართველოში მაღალი კლასის სასტუმრო ნომრების დეფიციტი არ არის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში ბრენდირებული სასტუმროების ნომრების რაოდენობა 952 ნომერია, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა კი 1 900 შეადგენს. გარდა ბრენდირებული სასტუმროებისა თბილისში ფუნქციონირებს 90 ერთეული სასტუმროს ტიპის განთავსების ობიექტი, 2 234 ოთახითა და 4 457 საწოლი ადგილით. სხვა განთავსების ობიექტების (საოჯახო სასტუმრო. სასტუმრო სახლი და სხვა) საერთო რაოდენობა კი - 58 შეადგენს, სადაც 410 ოთახი და 1 227 საწოლია. საერთო ჯამში თბილისში 153 განთავსების ობიექტია, 3 551 ოთახითა და 7 497 საწოლი ადგილით.
როგორც ცნობილია, ღონისძიების ძირითადი ნაწილი საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში გაიმართება, გახსნის ცერემონიას კი რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს. ყოველწლიურ შეხვედრას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი გახსნიან.
„ეს იქნება უპრეცენდენტო ღონისძიება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რადგან საქართველოს ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით. თბილისი შეირჩა იმისთვის, რომ საქართველო გაგვეცნო ჩვენი აქციონრებისთვის, გვეჩვენებინა ქვეყნის კულტურა, არქიტექტურა და ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ მიაღწია", - განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.