ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ. როგორც სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში" განმარტავენ, სააგენტოს დაუკავშირდნენ აფრიკაში, კოტონოუს ნავსადგურში მყოფ გემზე მომუშავე ქართველი მეზღვაურები და აცნობეს გემზე არსებული პრობლემების შესახებ.
მათი განცხადებით, გემი იმყოფება ერთ-ერთი ბერძნული კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ, რომელსაც შეექმნა ფინანსური პრობლემები და აქვს ეკიპაჟის რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება.
მეზღვაურთა თქმით, იმავე რაიონში იმყოფება აღნიშნული კომპანიის 5 გემი, რომელზეც სხვადასხვა ეროვნების ეკიპაჟთან ერთად 23 ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. გემებზე საკვებისა და სასმელი წყლის მწირი მარაგია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ რამდენჯერმე სცადა ბერძნულ კომპანიასთან დაკავშირება და სიტუაციის გარკვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბერძნულმა კომპანიამ თავი შეიკავა კონტაქტზე გამოსვლისგან.
სააგენტომ საქართვველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა მეზღვაურთა პრობლემების შესახებ და სთხოვა მათი უფლებამოსილების ფარგლებში დახმარება. სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია ასევე მიაწოდეს მეზღვაურთა პროფკავშირებს, ისინი საქმის კურსში არიან არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად შეეცდებიან აღმოუჩინონ დახმარება იურიდიული კუთხით.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კავშირი აქვს გემზე მყოფ მეზღვაურებთან და მათი ოჯახის წევრებთან.
მასალის გამოყენების პირობები