გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში, დაბა ლიკანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კომპლექსის გახსნას, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
,,რიქსოს ბორჯომი" ლიკანში ყოფილი IV-ე სამმართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. სასტუმრო კომპლექსის ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ოპერატორი „რიქსოსი" განახორციელებს, რომლისთვისაც ეს პირველი სასტუმროა საქართველოში. სასტუმროს შენობა ცხრასართულიანია და მასში 151 ნომერია განთავსებული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სასტუმროს მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მოსახლე მუშაობდა. ამჟამად, „რიქსოს ბორჯომში" 200 ადამიანია დასაქმებული და პერსონალის ზრდა კიდევ იგეგმება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიკანში იხსნება „რიქსოსი", რადგან ეს შემოიტანს სერვისის საერთაშორისო სტანდარტს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყაზახი ინვესტორები სრული მასშტაბით ბრუნდებიან საქართველოში და მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. „ყაზმუნაიგაზის" ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და დასაქმების ხელშეწყობისთვის. რა თქმა უნდა, ამ სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს მიმდებარე ინფრასტრუქტურისა და სხვა მცირე საწარმოების განვითარებას. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გეგმავს. „სიხარულით მინდა ავღნიშნო, რომ სამცხე-ჯავახეთში იწყება მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, რაც ასევე ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მოდელების აწყობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამონტაჟეთ ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ბაკურიანში და ამის შედეგია, რომ თოვლის დნობის მიუხედავად, სათხილამურო ტრასაზე თოვლი გვაქვს და დამსვენებლები სრიალებენ. ბაკურიანში ჩვენ ასევე ვგეგმავთ ბიატლონის ტრასის აღდგენას, ვგეგმავთ კოხტა-მიტარბის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას კერძო ინვესტორებთან ერთად. ყველაფერი ეს, ერთ კომპლექტში, ხელს შეუწყობს რეგიონის ძალიან მნიშვნელოვან განვითარებას" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
,,რიქსოს ბორჯომი" დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. შენობაში განთავსებულ სპა ცენტრში შესაძლებელია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სახის და სხეულის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. ხოლო სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ბალნეოლოგიური სამკურნალო და სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო მომსახურების მიღება. კომპლექსი მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს.
სასტუმროს კომპლექსი საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები