არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მეტწილად მცდარი განცხადება გააკეთა.
უფრო კონკრეტულად კი 26 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი განცხადებით უპასუხა: "ბიუჯეტი შესრულდება. შეიძლება ხარჯვითი ნაწილი ვერ შესრულდეს; გარკვეულმა სამინისტროებმა ვერ დახარჯონ ან ვერ აითვისონ, მაგრამ წლების განმავლობაში ასე იყო. ზოგადად ბიუჯეტი როცა იგეგმება ზუსტად ათვისება არ ხდება არც ერთ ქვეყანაში. შემდეგ ხდება კორექტირება ბიუჯეტის, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ. წინა ხელისუფლება ამას აკეთებდა და ისე წარმოაჩენდა თითქოს 100%-ით ასრულებდა ბიუჯეტს, მაგრამ ეს რეალობა არა იყო. წლის ბოლოს ხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება პარლამენტში და ზუსტად დასმა 100%-ზე, ასე რომ ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია''.
საზოგადოება და ბანკები გასულ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით დაინტერესდა და პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაამოწმა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, მონაცემებიდან ნათელია, რომ ბიუჯეტის კორექტირება 2004 წლიდან 2008 წლის ჩათვლით მართლაც ხდებოდა, თან არა ერთხელ.
"თუმცა 2004-2007 წლებში, როგორც შემოსავლები მთლიანად, ასევე საგადასახდო შემოსავლები (რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი განმსაზღვრელია) და გადასახდელები ზრდის მიმართულებით კორექტირდებოდა. 2008 წელს შემოსულობების და გადასახდელების კორექტირება ასევე ზრდის, ხოლო საგადასახადო შემოსავლების ცვლილება ასევე მეტწილად ზრდით (კორექტირება III და IV კლებისკენ მოხდა, რაც რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ომის შედეგია) ხასიათდებოდა. ის თუ მთლიანად შემოსავლების ზრდაში საგადასახადო შემოსავლების, გრანტების, ვალდებულებების და სხვა ქვეპუნქტების ზრდის პროცენტული წილი რამდენი იყო, ეს ცალკე საკითხია და ამ შემთხვევაში ნაკლებად გადამწყვეტი",- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები".
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2004-2011 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას მართლაც არა ერთხელ ჰქონდა ადგილი, რაშიც პრემიერ-მინისტრი მართალია.
"თუმცა კორექტირება ძირითადად ზრდის მიმართულებით ხდებოდა. ბიუჯეტის ფაქტობრივი მონაცემების მის საწყის გეგმასთან შედარებისას გაირკვა, რომ 2004-2011 წლებში (გამონაკლისი 2009 წელია) ბიუჯეტი გადაჭარბებით, ხოლო 2012-2014 წლებში კი მეტწილად დანაკლისით სრულდებოდა.
ბიუჯეტის გეგმიური, კორექტირებული და ფაქტობრივი მაჩვენებლების განხილვისას, ნათელი გახდა, რომ წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ბიუჯეტის ზუსტად დაგეგმვის და პროგნოზირების პრობლემა იყო (მიუხედავად იმისა, რომ კორექტირებები ძირითადად ზრდის მიმართულებით ხდებოდა), თუმცა ბიუჯეტის ვერ შესრულების (გარღვევის) პრობლემა ფაქტობრივად არ იდგა. ის თუ როგორ და რანაირად ხდებოდა ან ხდება ბიუჯეტის შევსება ან ხარჯვა ეს სხვა საკითხია. ამისთვის უფრო ფართო და მასშტაბური კვლევის ჩატარებაა საჭირო, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წლებში ბიუჯეტის ფაქტობრივ მონაცემებსა და საწყის გეგმას შორის დადებითი სხვაობები 2012 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა (გამონაკლისი 2008 და 2009 წლებია); რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკვე 2012 წელს ბიუჯეტში დაფიქსირებული პრობლემები (ვერ შესრულების კუთხით) წინა წლების ტენდენციის შედეგი არ უნდა ყოფილიყო.
ზემოთ არსებული მოკვლევიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება მართლაც არა ერთხელ მომხდარა, თუმცა კორექტირებები ბიუჯეტის 100%-ით შესრულების წარმოჩენას მიზნად არ ისახავდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ფაქტობრივი მონაცემები ბიუჯეტის ბოლო კორექტირებულ მონაცემებს უფრო უნდა დამთხვეოდა, ვიდრე მის საწყის მაჩვენებლებს; რეალურად კი ბიუჯეტის დანაკლისით შესრულება ბოლო კორექტირებულ მონაცემებთან შედარებისას უფრო მეტად იკვეთება, ვიდრე მის საწყის გეგმასთან შედარებისას.
აქედან, ჩვენ ვასკვნით, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება: „წინა ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებას ახდენდა და ისე წარმოაჩენდა თითქოს ის 100%-ით სრულდებოდა, მაგრამ ეს რეალობა არ იყო'' არის მეტწილად მცდარი", - აცხადებს „საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.