აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უამინდობის შედეგად შექმნილი მდგომარეობა დღის 12:00 საათისთვის შემდეგია:
ბათუმში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრია; ხულოს, შუახევის და ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-80 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბაში 30-40 სმ-ს.
აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები, რომლებსაც მუნიციპალიტეტების გამგებლები ხელმძღვანელობენ. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.
ბათუმი ახალციხის გზის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია, შეზღუდული იყო გადაადგილება ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთის გზაზე, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა. რამდენიმე წუთის წინ გზა გაიწმინდა და ორმხრივად გადაადგილება არის შესაძლებელი. მიმდინარეობს ქობულეთი-ოზურგეთის შემაერთებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ასევე, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. თოვლიან მონაკვეთებზე ორხიდიანი მანქანებით შესაძლებელია გადაადგილება. რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება.
ელექტრო ენერგია ხულოში ყველა აბონენტს მიეწოდება; შუახევში შუქი არ მიეწოდება 200 აბონენტს; ქედაში - 1100 აბონენტს; ქობულეთში - 3000 აბონენტს; ხელვაჩაურში - 501 აბონენტს; ბათუმში შუქი არ მიეწოდება - 968 აბონენტს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლომდე შეძლებისდაგვარად აღუდგებათ ელექტრო ენერგია.
ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება ბათუმისა და ქობულეთის აბონენტებს. რეგიონის მასშტაბით წყალი არ მიეწოდება ქობულეთის რამდენიმე სოფელს, კერძოდ ზენითის, ალამბრის, მუხაესტატეს, წყავროკას, გვარასა და კონდიდის სოფლებს.
მუნიციპალიტეტები მომარაგებულია შეშით და სურსათით. შეუფერხებლად მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებები.
აჭარის მთავრობის აპარატში მოქმედებს ცხელი ხაზი: 272001.