აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს უპირისპირდება.
როგორც ვარშალომიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აჭარისთვის გაზრდილი ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე პრემიერ-მინისტრისთვის მის მიერ 2009 წლის ივლისიდან გაგზავნილი ყველა წერილი უპასუხოდ დარჩა.
"აჭარის მთავრობა და სამინისტროები ვერ იღებენ უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებსაც კი და ველოდებით რომელიმე თბილისელი ბიუროკტარის მიერ მისთვის უცნობ დოკუმენტზე ხელმოწერებს. ეს ყველაფერი მიუღებელი, გაუმართლებელი და აღმაშფოთებელია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჩვენს მიერ მოთხოვნილი უფლებამოსილების გადმოცემა არა მარტო გაამარტივებს და დააჩქარებს მომსახურებას, არამედ ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს. გაუგებარია, რატომ არ მოხდა სათანადო რეაგირებები პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილებზე, რომელსაც ჩემი ხელმოწერა აქვს.
როგორც ჩანს, წერილობითი ფორმა არაა საკმარისი", - განაცხადა ვარშალომიძემ.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში, სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებო განცხადებას პრემიერ გილაურის პრესპიკერი ნიკო მჭედლიშვილი გააკეთებს.