აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაზე მუშაობას აგრძელებს. თუმცა, კერძო სექტორმა გაითვალისწინა თუ არა ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რაც დეპარტამენტმა მათ პროექტ "იდუმალი სტუმრის" ფარგლებში მისცა, ეს შემოდგომამდე გახდება ცნობილი. ანუ მას შემდეგ რაც მორიგი "იდუმალი სტუმარი" განხორციელდება და განთავსებისა და კვების ობიექტებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგი განხორციელდება.
"ამას ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩვენ ტრენინგების ახალ ტალღას დავიწყებთ. შესაბამისად შემდეგი "იდუმალი სტუმრის" პროექტის განხორციელება იგეგმება მიდმინარე წლის ზაფხულის სეზონზე. სწორედ მაშინ გვეცოდინება რამდენად იქნა გათვალისწინებული შენიშვნები და რამდენად მოხდა იმ ცოდნის იმპლემენტირება, რაც ჩვენ ამ ხალხს მივაწოდეთ", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინციატივითა გასული წლის ზაფხულის სეზონზე აჭარის რეგიონის მასშტაბით ჩატარდა კვლევა „იდუმალი სტუმრის" მეთოდის გამოყენებით. კვლევა ითვალისწინებდა კვების ობიექტის მომსახურების დონის დადგენას. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა კვების ობიექტის მიმტანები და მენეჯერები.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა აჭარის რეგიონის კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.
როგორც ცნობილია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს გადამზადების უფასო კურსებს მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისათვის. „იდუმალი სტუმარის" მეთოდით ჩატარებული კვლევით დეპარტამენტს მიეცა საშუალება მესამე კომპეტენტურის მხარის დახმარებით შეიმუშავოს რეკომენდაციები კვების ობიექტების ხელმძღვანელებისათვის, განსაზღვროს გადამზადების კურსების ეფექტურობა და კვლევის ანალიზის საფუძველზე დაგეგმოს 2014-2015 წლის გადამზადების კურსები.