ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2014 წლის 12 ნოემბერს დაწყებული მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტო მათთან შეთანხმდა მოკვლევის ფარგლებში თანამშრომლობაზე. თავის მხრივ იმპორტიორებმა დააფიქსირეს მზაობა სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დროულად და სრულად მიწოდების თაობაზე.
სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ამ ეტაპზე ადგენს გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საჭიროა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც აწუხებს საზოგადოებას აღნიშნულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამ პროცესში სააგენტო თანამშრომლობს როგორც ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან, ასევე იმ სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომელთაც კანონის ფარგლებში გააჩნიათ შესაბამისი ინფორმაციის გაცემის უფლება და ვალდებულება.
დამუშავების პროცესშია შესაბამის ბაზარზე მოქმედი 100-ზე მეტი სუბიექტის საქმიანობის ამსახველი ბოლო 8 წლის მონაცემები. მოკვლევის პროცესში ყველა სტადიაზე მეთოდოლოგიურად მუშავდება და ფასდება ყველა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ბაზრის სუბიექტთა მოქმედებას და ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის საკითხებს.