2014 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,7 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, საანგაროშო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4,1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,8 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (1,6 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,6 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,15 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე (6,2 პროცენტი);
ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,1-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-4,4 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები