საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის 2014 წლის 19 დეკემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ.
მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ სამხედრო-საზღვაო სპეციალისტების მომზადება/გადამზადების პროგრამების შემუშავებაზე, როგორც საზღვაო რიგითის, ისე ოფიცრების დონეზე, ერთობლივი სერტიფიცირების სისტემისა და გენერალური შტაბის საზღვაო ოფიცერთა გადამზადების მიზნით საწვრთნელი კურსების შემუშავებაზე, რა მიზნითაც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდება სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი.
დღეისათვის, სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს მხოლოდ სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია", რომლის სტრუქტურაშიცაა სკოლები სხვადასხვა რანგის სამხედროების მომზადებისა და გადამზადების მიზნით, თუმცა არც ერთი მათგანი არ ახორციელებს სამხედრო ხომალდების საზღვაო რიგითებისა და ოფიცრების მომზადებას.
სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაური სამხედროების მომზადება სრულად შეესაბამებოდეს მეზღვაურთა განათლების საერთაშორისო სტანდარტებს.
სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიებითა და სიმულატორებით, სამხედრო პირები შეძლებენ სრულყოფილად დაეუფლონ მეზღვაურის პროფესიას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.