ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მონაკვეთი სატესტო მატარებლის გასატარებლად უკვე მზადაა. აღნიშნული შესახებ განცხადება აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ გააკეთა.
მისი თქმით, რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები უმეტესწილად უკვე დასრულებულია.
როგორც ცნობილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სრული დატვირთვით 2015 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი პირველი სატესტო მატარებლის გაშვებაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც სტამბულში, ფოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს. ამ ხაზით მოხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანები და ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად.
ბაქო_თბილისი_ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა - ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.
თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის გაზრდილი ვაჭრობა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას სავაჭრო ნაკადის მოსაპოვებლად, კერძოდ ცენტრალური აზიიდან თურქეთში იმპორტირებული ნედლეულისა და თურქეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის. თურქულ-რუსული ვაჭრობის გათვალისწინებით, მენეჯმენტის აზრით, არსებობს დამატებით მოცულობის მოპოვების შესაძლებლობა, კერძოდ მშრალი ტვირთის, რომლის გადაზიდვაც ამჟამად ირანის, ან რუსულ-შავი ზღვის გზით ხდება.