პარლამენტმა საქართველოს 2015-2017 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა,
ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2015-2016 წლებისათვის 5 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2017 წლისათვის - 4 პროცენტს.
"საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015-2017 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები",- აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2015-2017 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად არის ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა).
მასალის გამოყენების პირობები