რუბლის გაუფასურებასთან დაკავშირებით რუსეთმა უცხოური წარმოების მანქანების გაყიდვა შეაჩერა. ამის შესახებ გაზეთი ,,ვედომოსტი" იუწყება.
დისტრიბუტორებმა ავტოდილერებს ავტომანქანების მიწოდება შეუწყვიტეს, ამ უკანასკნელებმა კი, თავის მხრივ გაყიდვები გააჩერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, BMW-მ მიწოდებული მანქანების საფასურის გადასახდელად დილერებს ორი დღის ვადა მისცა.
,,BMW Group Россия" -ს კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორის ვასილი მელნიკოვის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება წლის ბოლოსთვის ჩვეული ბიზნეს-პროცესის ნაწილია.
რაც შეეხება Jaguar Land Rover-ს, 19 დეკემბრიდან რუსეთისთვის ამ მარკის ავტომობილების მიწოდება შეწყდება. ამავდროულად, მომწოდებელი დავალიანებას სრულად დაფარვას ითხოვს.
,,ლენდ როვერმა" რუსული ბაზრისთვის ავტომობილების ფასი ნოემბრის თვეში 15 %-მდე გაზარდა.
სპეციალისტების აზრით, უახლოეს დღეებში რუსეთის ავტომობილების ბაზარზე დეფიციტი და აჟიოტაჟია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები