"ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავიწყეთ „შეღავათიანი აგროკრედიტისა" და „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტების განხორციელება",- აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ივერიაში", სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენისა და 105 ახალი საწარმოს პრეზენტაციისას გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დაწყებული პროექტები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში უკვე 670 მილიონი ლარის 25 ათას 241 სესხი გაიცა. დაფინანსდა 89 ახალი საწარმო და მათგან უკვე გახსნილია 86, გაფართოვდა და გადაიარაღდა 580. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 35 დარგი დავაფინანსეთ. მათ შორის არის ღვინის წარმოება, მესაქონლეობა-მეფრინველეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, თხილის, რძის გადამუშავება, პროდუქციის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობები.
რაც შეეხება „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტს, უკვე დამტკიცდა 16 პროექტი და აქედან 11 ბიზნესპროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. პროექტების ჯამური ინვესტიცია 22 მილიონ ლარზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზით ჩვენი ქვეყნის რეგიონები კიდევ უფრო მომძლავრდებიან და ადგილობრივი მოსახლეობა წელში გაიმართება",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწყებულია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - „აწარმოე საქართველოში", რომელზეც მთავრობა ძალიან დიდ იმედებს ამყარებ.
"ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარების დიდ შესაძლებლობებს და იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შესაძლებლობები იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი პროდუქცია.
ჩვენ უკვე დავაფინანსეთ პროექტები, რომლებიც მეცხოველეობა-მეფრინველეობის, ზღვის პროდუქტების გადამუშავების, სასათბურე მეურნეობის განვითარების კუთხით ძალიან პერსპექტიულია.
მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები სოფლის მეურნეობაში. აგროკრედიტის პროგრამის დახმარებით ფერმერებს სრულიად სხვა შესაძლებლობები გაუჩნდათ - მათთვის გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსები. მთლიანად, სამივე პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 105 საწარმო. და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის ხელშეწყობით დაფინანსებულ საწარმოებში დასაქმებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი.
მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უშუალოდ იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარება მოუტანს ჩვენს ქვეყანას"- განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.