ბოლო პერიოდში, გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუარესება ბაზარზე მოთამაშეების სპეკულაციურმა ქმედებებმა და როგორც მოსახლეობის, ასევე, ბიზნესის პანიკურმა კონვერტაციებმა გამოიწვია, აღნიშნულის შესახებ „Policy and Management Consulting Group"-ის ( PMCG) ანგარიშშია აღნიშნული. როგორც PMCG-ში განმარტავენ, 10 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.93 ლარია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარი გაუფასურდა დოლარის (0.18 ერთეულით) მიმართ. პიკურ პერიოდში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 2.05 ლარად იყიდებოდა, რაც ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფუნდამენტური მიზეზების მიუხედავად (სავაჭრო ბალანსის გაუარესება, ფულადი გზავნილების შემცირება, ტურისტების ნაკადის შეფერხება) არაბუნებრივად მაღალი ნიშნულია.
„2014 წლის ნოემბრამდე ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ სტაბილური იყო. ამ პერიოდში დოლარი მყარდებოდა სხვა ვალუტების მიმართ (ევრო, რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა, სომხური დრამი). აღნიშნულ პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც (მათ შორის, აშშ დოლართან, რუსულ რუბლთან, უკრაინულ გრივნასთან, ევროსთან, თურქულ ლირასთან და ა.შ.) გამყარდა (6.4%, ოქტომბრის მდგომარეობით).
2014 წლის 20 ნოემბრიდან ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო. 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.93 ლარია.
თუ დავაკვირდებით გასული წლის ტენდენციას, ლარის გაცვლით კურსს დოლარის მიმართ 2013 წლის ბოლოსაც ახასიათებდა მოკლევადიანი რყევები. ეს ძირითადად აღნიშნული პერიოდში დამახასიათებელი სეზონური ფაქტორებით და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდით (20.7%, IV კვ. 2013) იყო განპირობებული.
გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე გავლენას ახდენს აგრეთვე შემდეგი ძირითადი ფაქტორები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, სახელმწიფოს საგარეო ვალი (ახალი ვალი და ვალის მომსახურება), სავაჭრო ბალანსი (ექსპორტი და იმპორტი) და ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, აგრეთვე კომერციულ ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულისა და კომერციულ ბანკებში ეროვნულ ვალუტაში არსებული დეპოზიტების ერთობლიობა",- განმარტავენ PMCG-ის ექსპერტები.
მასალის გამოყენების პირობები