8 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა".
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიან, მაღალხარისხიან და იაფ ინტერნეტ მომსახურებასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ბიძგს მისცემს მოსახლეობას, სხვადასხვა სტანდარტული და პერსპექტიული საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებით ისარგებლონ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული პროცესი - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაღებად ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის მიყვანა ყველა სკოლამდე, მუნიციპალიტეტამდე, საავადმყოფომდე, ბიბლიოთეკამდე და ასევე ყველა დასახლებულ პუნქტამდე, რომელშიც 200 მეტი მოსახლე ცხოვრობს.
ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებული ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.