10 დეკემბერს თურქეთის ქალაქ ყარსში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან.
შეხვედრის მორიგ რაუნდზე წინა შეხვედრების დროს მიღებული გადაწყვეტილებების შესარულებასა და რეგიონების განვითარებისთვის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პირველად, 2012 წლის ივნისში თურქეთის ქალაქ ტრაბზონში შეიკრიბნენ, მეორედ კი მხარეები ერთმანეთს აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში 2014 წელს შეხვდნენ.
,,შეხვედრაზე ორმხრივი და რეგიონალური განვითარების საკითხები განიხილება და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ყველა სფეროს ერთიანი გეგმის ფორმირება ხდება.
ამასთან, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს რეგიონალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას." - ნათქვამია თურქული მხარის განცხადებაში.
სამმხრივ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 9 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი თავის თურქ კოლეგას, მევლუტ ჩავუშოღლუს შეხვდება.
შეგახსენებთ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა თბილისში 2014 წლის მაისში შედგა. ამის შემდეგ, მალევე, 2014 წლის აგვისტოში, სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში შეხვდნენ.